ბჟანია ისევ აპირებს აფხაზეთის „პრეზიდენტად“ კენჭისყრას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი ასლან ბჟანია ისევ აპირებს „პრეზიდენტად“ კენჭისყრას.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილეობას „აუცილებლად მიიღებს“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.
ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა „სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია არ მისულა „დაუბრუნებელ წერტილამდე“.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს დატოვა ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო გამოსვლების გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდებოდა დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაცია იყო, თუმცა მიუხედვად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობებში შეიჭრნენ.
18 ნოემბერს დაიწყო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა, ოპოზიციამ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. თარიღს დე ფაქტო პარლამენტი განსაზღვრავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს