ბოჭორიშვილი: ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.
შეკრების მიზანი, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსისთვის არჩევნებთან და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის მიმდინარე გამოძიებებზე ინფორმაციის მიწოდება იყო.
„ასევე, საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში, რომლებიც არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი ძალიან ნათელი და მზიანი დღე იყო საქართველოში.
„პოლიტიკურადაც მზიანი ამინდი იყო. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ კონკრეტული პირებისგან მოვისმინეთ და რომელიც რამდენიმე ქვეყნის მიერ იყო გაზიარებული, არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეხვედრის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისში ელჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ თქვა, რომ საქართველო დასავლელ კრიტიკოსებთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში რჩება და ელჩებს არ აძევებს, რადგან ეს კონტრპროდუქტიული იქნება.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის შეფასება საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შესახებ ნათლად არის გამოხატული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაში.
ნახსენებ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში არჩევნები განსხვავებული აზრის ჩახშობის გარემოში ჩატარდა და მოწოდებულია უსაფუძვლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა