ბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბოლივიის პრეზიდენტმა, როდრიგო პასმა 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას გადაკეტილი გზების გასახსნელად ქალაქებში ჯარისკაცები გაგზავნა.
ექვს კვირაზე მეტია, რაც ბოლივიაში პროფკავშირები, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები და ფერმერები მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობენ. დემონსტრანტებმა, რომლებიც როდრიგო პასის გადადგომასა და საწვავის სუბსიდიების აღდგენას ითხოვენ, ქვეყნის მასშტაბით გზები გადაკეტეს.
არეულობისა და სატრანსპორტო შეფერხებების გამო დიდ ქალაქებში საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია.
ბოლივიის სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობის გარდაცვალება ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეულ სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემას უკავშირდება.
ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების განმავლობაში პოლიციამ სულ მცირე 365 ადამიანი დააკავა, ხოლო 37 ადამიანი დაშავდა.




