-ს წნეხის ფონზე კუბის პარლამენტმა თავისუფალი ბაზრის მასშტაბური რეფორმები დაამტკიცა

18 ივნისს კუბის პარლამენტმა, კომუნისტური პარტიისა და ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს მხარდაჭერით, ყოვლისმომცველი რეფორმები დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილების პრივატიზაციას გულისხმობს, რათა კუნძულოვანი სახელმწიფო -ს მძიმე სანქციებს გადაურჩეს.
NBC News-ის ინფორმაციით, დამკვირვებლებმა ახალ, თავისუფალი ბაზრის რეფორმებს კუბის 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის კომუნისტური ეკონომიკის ყველაზე მასშტაბური რეფორმა უწოდეს, რის ფონზეც ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს შვილიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მიზანი ეკონომიკის განვითარებაა.
ჯამში 176 ინიციატივის მიზანია, რომ სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებული ეკონომიკა დეცენტრალიზდეს. ახლანდელი ეკონომიკური მოდელით ძირითადად კუბის კომუნისტური მთავრობა წყვეტს, თუ რისი წარმოება უნდა მოხდეს ქვეყანაში, ვის მიერ და ასევე იმასაც, თუ რა ფასად უნდა გაიყიდოს პროდუქცია.
რეფორმების გეგმა მოიცავს კერძო ბიზნესებისთვის მეტი სივრცის მიცემას, სახელმწიფო შუამავლობის გარეშე იმპორტსა და ექსპორტს, მუშა-ხელის თავისუფლად დაქირავებას, კერძო ბანკებისთვის უფლებამოსილების მინიჭებასა და უცხოეთში მცხოვრები კუბელებისთვის ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებაზე ნებართვას. რეფორმები ასევე მოიცავს კუნძულზე სწრაფი კვების ობიექტების შესვლაზე ნებართვებსაც.
იანვრიდან მოყოლებული ტრამპის ადმინისტრაციამ კუბის წინააღმდეგ ენერგო და ფინანსური ემბარგო გაამკაცრა, რის შედეგადაც კუბას საწვავი ფაქტობრივად აღარ მიეწოდება. ამ ფონზე ქვეყანაში გაღრმავდა კრიზისი, რომელიც უკვე ბოლო 5 წელია უარესდება.
მანამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მაქსიმალური წნეხის პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რომელიც კუნძულზე უკვე ექვსი ათწლეულია, რაც არსებობს.
კენჭისყრამდე კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა პარლამენტარებს კუბის სოციალისტური წარსულისადმი რწმენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
“რასაც აქ განვიხილავთ არის დილემა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სოციალისტური შენების პროცესი, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ძალისგან ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ბლოკადას განიცდის.” – აღნიშნა დიას-კანელმა და დაამატა, რომ კუბა “სოციალიზმზე უარს არ ამბობს.”
თუმცა, პრემიერმინისტრ მანუელ მარეროს თქმით, რეფორმები აღიარებს, რომ ბაზარი “რესურსების გადანაწილების ეფექტური ინსტრუმენტია.” ამის მიუხედავად, მარეროს მიხედვით, ცვლილებები კუბის სოციალისტურ ფესვებთან თანხვედრაშია: “ეკონომიკური და სოციალური მოდელის განახლებას ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების არსებითი მიზანი აქვს.” – განმარტა მან.