„სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი მაიკო მურაჩაშვილი ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს და ხელისუფლებას საგადასახადო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული ნაკადების ფონზე, ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი გზა გადასახადების რეალური შემცირებაა.როგორც ჰოტელიერი BMG-სთან განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე მცირე გამოცოცხლება შეიმჩნევა, მარტსა და აპრილში მიღებული დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სექტორი დამოუკიდებლად ფეხზე დადგომას ვერ ახერხებს. ომმა და რეგიონულმა არასტაბილურობამ ტურისტული ნაკადები მკვეთრად შეამცირა, რამაც სასტუმროების შემოსავლების 80%-იანი ვარდნა გამოიწვია.„მნიშვნელოვანი აქ არ არის ის, რომ რაიმე გადასახადი გადაგვივადონ ან სახელმწიფომ რაღაც გვაპატიოს – არა. ჩვენ გვჭირდება შემცირებული გადასახადები იმისთვის, რომ მეტი აკუმულირება მოხდეს ბიუჯეტში. გაძვირებული კომუნალური გადასახადების, ელექტროენერგიის, გაზის, საწვავის და გაზრდილი ხელფასების ფონზე, ამხელა საშემოსავლოს, ქონების გადასახადს და დღგ-ს რომ ვიხდით, დამერწმუნეთ, რომ ბიზნესი ან კოტრდება, ან გადადის ჩრდილოვან ეკონომიკაში“, – აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია საგადასახადო განაკვეთი, მით მეტია ცდუნება ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ, რაც საბოლოო ჯამში ბიუჯეტს აზარალებს.„დასხდნენ ეკონომიკის ჯგუფები და დაითვალონ – რამდენიმე პროცენტით მაინც რომ შემცირდეს გადასახადი, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი თანხა აკუმულირდება ბიუჯეტში. როდესაც გადასახადი ადეკვატურია, ბიზნესი უფრო მოტივირებულია იყოს გამჭვირვალე“ – ამბობს მაიკო მურაჩაშვილი BMG-სთან.მისივე თქმით, გაზრდილი ხარჯებისა და საბანკო ვალდებულებების ფონზე, ბევრი ობიექტი დახურვის პირასაა.„დაახლოებით 100 000 ლარამდე მიწევს გადახდა ყოველი თვის ბოლოს ბიუჯეტში და ეს არის 33-ნომრიანი სასტუმროდან. ამის შეღავათი რომ მქონდეს, რეინვესტირებაც მეტი შემეძლებოდა, გაცილებით გავზრდიდი ბიზნესს და მეტი შემოსავლის საშუალება მექნებოდა. ან, არ დავხურავდი სასტუმროს ზაფხულში და გადარჩენის ან ახალი ინვესტიციის გაკეთების საშუალება მექნებოდა. ახლა კი, უბრალოდ ვფიქრობ, როგორ გადავრჩეთ. სასტუმრო დახურვის პირასაა – ალბათ დავხურავთ, რომ ზარალში არ წავიდეთ და ბანკს მაინც მოვემსახურო“, – განმარტავს ის.გარდა საგადასახადო სისტემისა, „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს საბანკო სექტორთან ურთიერთობის სირთულეებზეც. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესსესხებზე არსებული პროცენტები მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალია, რაც ტურიზმის მსგავსი მოწყვლადი სექტორისთვის დამანგრეველია.”დღეს ბიზნესი სესხის გარეშე არ კეთდება და ეს დამატებითი სტრესია, მით უმეტეს სასტუმრო ბიზნესისთვის. ნებისმიერი რყევა – პოლიტიკური იქნება, კონფლიქტი თუ შიდა ვითარება – პირდაპირ ტურიზმზე აისახება. ჩვენ ბეწვის ხიდზე დავდივართ უკვე რამდენი წელიწადია. მშპ-ში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია ტურიზმს და ამ სექტორს ნამდვილად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა“, – ამბობს მურაჩაშვილი.bm.ge


