ბექა ძამაშვილი: „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს – ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ’’

„გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
ბექა ძამაშვილმა „საინტერესო დამთხვევა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – დროში დაემთხვა ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.
„ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება… კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან“.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
„სოციალური ქსელი, ერთი მხრივ, არის კარგი საშუალება, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას მისწვდეს, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა