გამოდიან და ამბობენ: „არავის მოწაფე არ არის საქართველო“ – „ოცნების“ ხელისუფლებას ბევრი აქვს სასწავლი ზრდილობის, კომპეტენციის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას: „საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ ვინმემ საშემოდგომო გამოაყოლოს, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო – თუ რაიმე გაფუჭდა ამერიკულ ურთიერთობებში, გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100%-ით“.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისეთი ტონით უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რაც არ შეეფერება ქვეყნის ხელისუფალს, რომელსაც აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენა სურს.
„პარტნიორული ურთიერთობების აღდგენას სჭირდება სამართლიანი თამაშის წესები. თუ „ოცნებას“ წარმოუდგენია, რომ ივანიშვილის, ან კობახიძის, ან რომელიმე სპიკერის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ დადგენილი თამაშის წესებით აღდგება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ასე ნამდვილად ვერ იქნება. სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნება, რა თქმა უნდა, ნიშნავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სტაბილურ გარემოს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გარეშე ვერ მიიღწევა.
როგორი სერიოზულობით შეიძლება აღიქვას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რომელსაც კულუარულად რაღაცაზე შეუთანხმდებიან, რაღაც დაპირებებს გასცემენ, მათ შორის სამართლიან წესებზე დაფუძნებული ურთიერთობების თვალსაზრისით და დღეს ეს არაკომპეტენტური გამოდის და ისეთი ტონით ელაპარაკება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სახელმწიფოს, რომელიც არ შეეფერება იმ ქვეყანას, რომელსაც სურს აშშ-სთან, მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობების აღდგენა. ერთია რას ელაპარაკებიან რუბიოს, მეორეა შიდა აუდიტორიისთვის რასაც [ამბობენ]. ეს ხომ არასერიოზულია, ეს ხომ ზერელე დამოკიდებულებაა, დიპლომატიაში ამას უვიცობა და არაკომპეტენტურობა განაპირობეს. არ შეიძლება ასეთი ლექსიკით საუბრობდეს პრემიერ-მინისტრი.
რუბიოს განცხადება, რომელიც მან კონგრესში გააკეთა, ძალიან მარტივი მისახვედრი იყო – იქ საუბარი იყო, რომ ქართული მხარისგან უკვე მიიღეს დაპირება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად და დღეს რასაც კადრულობენ, გამოდიან და ამბობენ: „არავის მოწაფე არ არის საქართველო“, საქართველო ნამდვილად არავის მოწაფე არ არის, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებას ნამდვილად ბევრი რამ აქვს სასწავლი ზრდილობის თვალსაზრისით, კომპეტენციის თვალსაზრისით და ქვეყნის ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. მოწაფეობაც დასჭირდებათ და ძალიან ბევრი წელი სწავლაც იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარება შეძლონ. გამოდიან თითქოს სასაცილოდ, სასაცილო მდგომარეობაში აქვთ თავი? ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ახურდავებს პირადი ინტერესებისთვის“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავამ გადაცემაში ოპოზიციურ ველზე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რატომღაც პროტესტი თავის თავში ჩაიკეტა“.
„მე არც ოპოზიციის ალიანსს მოვუწოდებ რამეს და არც ოპოზიციის ალიანსის შიგნით მიმდინარე შიდა გარჩევები მაინტერესებს, არც სხვა პარტიის ოპოზიციის ალიანსთან დაპირისპირება. არცერთი გზა არ არსებობს, რომელიც არ მიდის არჩევნებამდე, ამიტომ ყველა გზა, რომელიც მიდის არჩევნებამდე, უნდა იყოს კონსტრუქციული და განწყობილი იმისკენ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენი პრობლემა რა არის იცით? რატომღაც პროტესტი თავის თავში ჩაიკეტა. რატომღაც ამ ოპოზიციის ნაწილმა მიიჩნია, რომ საკმარისი მხარდაჭერა აქვთ იმისთვის, რომ ელექტორალურ ავტოკრატიაში გადატეხოს სიტუაცია იმ მცირე უპირატესობის მხარდაჭერით, რაც აქვს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




