არჩილ გორდულაძე – -სთან ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია – ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ -ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-საც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება.

ამასთან, გორდულაძის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების თვისობრივად ახალ რეჟიმზე გადაყვანა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ის უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ საწყისებს, ტოლ-სწორად ურთიერთობას და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, აშშ-საც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესების თანხვედრაზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების საბოლოო ჯამში გაღრმავება და რაც მთავარია, რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნება.

რაც შეეხება განცხადებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მთავარი დემოკრატიული საწყისებია, ვერანაირად ვერ მოიწონებდა და მკაცრად გააკრიტიკებდა იმ ანტიდემოკრატიულ სვლებს, რომლითაც დაკავებულია “კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ასეთია ქართველი ხალხის და მათი მხარდამჭერების ნების უგულებელყოფა, მანდატების არგამოყენება, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ვალდებულებაც კი არის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის და მათი წარმომადგენლებისთვის ვერანაირად ვერ იქნება მოსაწონი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, 25-28 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა.

ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს, მათი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.