ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მშვიდობის წინაპირებები: „ჰამასის“ განადგურება, ღაზას დემილიტარიზაცია და პალესტინის საზოგადოების დერადიკალიზაცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს.
„ჰამასის განადგურება, ღაზას დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია“, - აცხადებს ნეთანიაჰუ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უნდა განადგურდეს და ღაზის სექტორში მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს.
„აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს“, - წერს პრემიერი.
მისი თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად.
„სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე“, - ამბობს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ისრაელის პრემიერის მტკიცებით, მოლოდინი, რომ პალესტინის ხელისუფლება ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას მოახდენს, ფუჭი ოცნებაა.
„პალესტინის სამოქალაქო საზოგადოება უნდა გარდაიქმნას ისე, რომ მისმა ხალხმა მხარი დაუჭიროს ტერორიზმთან ბრძოლას და არა მის დაფინანსებას. ამას გაბედული და მორალური ლიდერობა დასჭირდება", - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.