ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი დრუზების თემის წევრებს დაიცავს.
„ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ.
სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დრუზებსა და სუნიტ შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფენ. სუნიტი მებრძოლების ვარაუდით, ჩანაწერი დრუზი მამაკაცის მიერ არის გაკეთებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს