ბაჩო დოლიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტზე ხელმოწერა სიმბოლურია, რომელსაც რადიკალური ცვლილება არ მოაქვს – არ გამოვრიცხავ, დანართი, სადაც საუბარია პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობაზე კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა იყოს

მე, პირადად მგონია, რომ ხელისმოწერა ამ დოკუმენტზე არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური, რომელსაც არავითარი რადიკალური ცვლილება არ მოაქვს – ვიფიქრებ, ხელი სიმბოლურად მოვაწერო თუ არა, სხვათა შორის, ამაზე არ მიფიქრია, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მოაწერს თუ არა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ 11-პუნქტიან მანიფესტს სახელწოდებით – „რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე“.
როგორც ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, დოკუმენტზე ხელმოწერით არსებული პრობლემები არ გვარდება.
„ცალკე ტექსტი რომ ავიღოთ, ბოლო პასაჟს არ ვგულისხმობ, სადაც კვიპროსის ჩანართივით არის „გამოკვეხილი“. თვითონ აღნიშნავს, რომ ადამიანები პოლიტსაბჭოდან იყვნენ გარიყულიო და უცბად, ბოლო წინადადებაში ჩაკვეხებულია „ლეგიტიმური პოლიტსაბჭო“. ამიტომ, ვამბობ, ასეთი ჩანართები ზოგადად ცუდად მოქმედებს მთლიან ტექსტზე თორემ ცალკე აღებულ ტექსტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მომართულია ევროპისკენ, სადაც კორუფცია არ იქნება, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მერე რა ხდება?“, – განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე – სიტყვა კვიპროსში გულისხმობს თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, დოლიძემ უპასუხა – „კი, აბა, სხვა ვინ უნდა ვიგულისხმო?“
მისი განმარტებით, პირადად თვითონ, ბოლო დროს, ხედავს, რომ ახალი მენეჯმენტისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციებს შორის მკვეთრ განსხვავებებია.
„ამას ვხედავ იმიტომ, რომ სააკაშვილის პათოსი მე მოვისმინე, რომელიც ერთიანობისკენ იყო მომართული. ზუსტად სამ წუთში დავინახე ხაბეიშვილი, რომელიც „მგლის ბილეთებს“ არიგებს. ვნახე, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩვენთან მიმართებაში, სტატუსი წაიშალა. ამ ყველაფერს ვხედავთ და თვალი როგორ უნდა დავხუჭოთ? შესაბამისად, იმის გამორიცხვა, რომ ეს მინაწერი ეკუთვნის, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტული ჯგუფის ინტერესს – დავით კეზრაშვილს ვგულისხმობ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე პოლიტსაბჭო ისეთი ლეგიტიმურია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საერთოდ არ ყოფილა რელევანტური. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც საუბარია [მანიფესტზე] ხელის მოწერაზე, თუ არმოწერაზე, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, ეს ხელმოწერა აგვარებს თუ არა პრობლემებს. ჩემი გადმოსახედიდან პრობლემები არ გვარდება. მთავარი ამოცანაა ის, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები. [მაგალითად] მივედით, ხელი მოვაწერეთ, დავდექით ერთად, ამ მოცემულობაში შევძლებთ ამ პოზიტიური ცვლილებების მოტანას ქვეყანაში? მე არ ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ მანიფესტზე ხელმოწერა „მხოლოდ და მხოლოდ, სიმბოლურია, რომელსაც არავითარი რადიკალური ცვლილება არ მოაქვს“.
„ეს ჩემი პოზიციაა. თუმცა, აქ არჩევანი აბსოლუტურად თავისუფალია, შეიძლება ვიღაცამ მოაწეროს ხელი, მივიდეს კიდეც, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას. ვიფიქრებ, ხელი სიმბოლურად მოვაწერო თუ არა, სხვათა შორის, ამაზე არ მიფიქრია. ვიფიქრებ, სიმბოლიზმი შევიტანო თუ არა ამ დოკუმენტში“, – აცხადებს დოლიძე.
ამასთან, ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერი/დანართი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურობას უკავშირდება, შესაძლოა არ ეკუთვნოდეს მიხეილ სააკაშვილს და ტექსტში ის სხვა ადამიანების მიერ იყოს შეტანილი.
მისივე განმარტებით, ეს დანართი მისმა მეგობრებმა „კვიპროსულ დანართად შერაცხეს“.
„ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ის დანართი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პოლიტსაბჭო არის ლეგიტიმური, იმ ფონზე, როდესაც თვითონ მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, რომ ადამიანები გაყარეს [პოლიტსაბჭოდან] და ეს პროცესი სწორი არ იყო, ამაზე დაყრდნობით არ გამოვრიცხავ, რომ ამ დანართის ჩამატება კონკრეტული ჯგუფის ინიციატივა იყოს იმ ტექსტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.