ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი იუნუსი უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში - რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა.
ეს გადაწყვეტილება 7 აგვისტოს, დილით გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, სტუდენტთა აქციების ორგანიზატორები - რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჰასინას განდევნაში ხელისუფლებიდან - ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
მუჰამად იუნუსი - რომელიც ჰასინას ვეტერანი პოლიტიკური ოპონენტია - პარიზიდან ბანგლადეშში მალე უნდა დაბრუნდეს. იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისთვის და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.