ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარს მეოთხე დღეს მიაგნეს
ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს "ბურანს", რომლითაც კაცი გადაადგილდებოდა, შემდეგ მის ტანსაცმელს და ბოლოს - ცხედარს.
ცნობილია მისი ვინაობაც - 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანის მკვიდრია და ტრაგედიის დღეს, რამდენიმე ადამიანთან ერთად, თოვლში "ბურანით" სეირნობდა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა.
ამ დროისთვის, დაღუპული ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაჰყავთ.
ინფორმაცია კაცის ზვავში მოყოლის შესახებ 28 მარტს გავრცელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
როგორც იტყობინებოდნენ, სამძებრო სამუშაოებს, გარკვეულ ეტაპებზე, უამინდობა და, მათ შორის - ძლიერი ქარი უშლიდა ხელს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.