„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მისამართით ახალ ბრალდებებს აჟღერებენ. ამჯერად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოჯახის ისტორიაზე საუბრობს თეა წულუკიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილის ბაბუა ფაშისტების მოკავშირედ მოიხსენია.
წულუკიანის განცხადებას პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ წლების წინ ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ დადებითად საუბრობდა სალომე ზურაბიშვილის ოჯახსა და მის წინაპრებზე.
“პირველებმა” კითხვის “ოცნების” დეპუტატებს მიმართა, რატომ შეიცვალა მათი რიტორიკა.
ზურაბიშვილთან ერთად იყო გიორგი გახარიაც და კიდევ ძალიან ბევრს, სახელსა და გვარს დაგისახელებთ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, ამ დარბაზშიც საკანონმდებლო, ხელისუფლებაშიც, ხალხი და საზოგადოება, რომელიც ძალიან ბევრი მიზეზის გამო იყვნენ იქ, სადაც იყვნენ და რა მიზეზით, როგორ, რა სვლები დასჭირდა ჩვენს გუნდს და კერძოდ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს… ბევრი რამ შეიძლება ვიცოდით მაშინაც ზურაბიშვილზეც და ბევრი რამეც ვიცოდით გახარიაზეც. როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონი თეას პოსტზე, ძალიან მოკლე ისტორიულ-ბიორაგფირული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების გულანთებულ პატრიოტ ოჯახს, – ამბობს ირაკლი კირცხალია.
სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტის ქმედებები საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებოდა.
ზურაბიშვილის ქმედებები, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში იკადრა, გააკეთა, საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებოდა. ეს განპირორებულია მისი ქმედებებიდან გამომდინარე, – ამბობს კალაძე.
ზურაბიშვილის კრიტიკა გააგრძელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმაც. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ივანიშვილის გუნდის შეცდომა იყო.
თუ წინაპრები ჰყავდა მოღალატეები, შესაბამისად, გენეტიკურად არის მოღალატე სალომე ზურაბიშვილი. შეცდომა იყო, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ შეცდომებს ვაღიარებთ, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
თეა წულუკიანის პოსტს სოციალურ ქსელში ოთარ ზურაბიშვილი გამოეხმაურა და მისი განცხადება ცილისწამებად შეაფასა. ზურაბშვილის თქმით, მის ოჯახზე გამოყენებული რიტორიკა პუტინის პროპაგანდისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოყენებულ გზავნილებს ჰგავს. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები რეჟიმის სისუსტესა და გარდაუვალ კრახზე მიუთითებს.




