აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თაღლითობაში ადანაშაულებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თაღლითობაში ადანაშაულებენ –  თურმანიძეების ოჯახი ილია ვერძაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ბათუმში, ანგისის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი და მიწა, დაახლოებით 2000-მდე კვ.მ ილია ვერძაძის სახელით მისულ ინვესტორს იმ პირობით დაუთმეს, რომ იქ მრავალსართულიანი კორპუსი აშენდებოდა და მათ რამდენიმე ბინას გადასცემდნენ, თუმცა საბოლოოდ უძრავი ქონება რამდენჯერმე გადაიყიდა და ხალხი ქუჩაში დარჩა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ილია ვერძაძის კომპანიამ მათთვის ქირის გადახდა ერთ წელში შეწყვიტა. მომხდარიდან უკვე 8 წელია გასული, თურმანიძეების ოჯახი კი დღემდე სამართლის ძიებაშია.

პირველად, ჩვენთან მოვიდა ზურაბ დიასამიძე და გვითხრა, რომ დაინტერესებული იყო ერთი პოლიტიკოსი ილია ვერძაძე ჩვენი მიწით და ბინებს გვაძლევდა ჩვენი მიწის სანაცვლოდ, თუ დავთანმხდებოდით მასთან გარიგებას.  ხელშეკრულება დავდეთ შპს ქომთან, პირველ ეტაპზე ზურაბ დიასამიძესთან, შემდეგ უკვე როცა ილია შემოვიდა საქმეში, ილია ვერძაძემ თავის დასთან, ნაირა ვერძაძესთან დაგვადებინა ხელშეკრულება. 

ილია ვერძაძე ჩვენთან პირადად ოჯახში მოდიოდა, ამბობდა, რომ ჩვენი ერთი ოჯახი ვართ, ერთი პრობლემა გვაქვს, მხოლოდ მე შემიძლია აქ ჩემი გავლენებით ეს პროექტი გამოვიტანოო, რადგან შესაძლოა, წითელი ზოლი იყოს ჩვენი მიწის ნაკვეთი. 

სახლი დაანგრია ილია ვერძაძემ და თაღლითებს გადასცა ეს პროექტი, საიდანაც ჩვენ გავიგეთ, რომ ბინები უკვე გასხვისებული იყო და ფაქტობრივად, ინვესტორი აღარ დაინტერესდებოდა ჩვენი პროექტით. ამ დროს მამაჩემმა მიიღო ინსულტი. 

შემდეგ ყველა მყიდველს ილია ვერძაძე შლეიფად მოჰყვებოდა თითქოს, აი ყველას იცნობდა. მივმართეთ პრემიერს, მივმართეთ ივანიშვილს, ყველა უწყებას მივმართეთ წერილობითი ფორმით, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ უშუალოდ ამ პასუხისმგებელ პირებთან არც მისულა საქმე. მუდმივად ტირაჟირებს ილია ვერძაძე, რომ მას აქვ გავლენები. ერთი წლის განმავლობაში რომ პროცესი არ დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც გავლენებია და ვიღაცას მფარველობენ. 

ილია ვერძაძის პასუხისგებაში მიცემასაც ვითხოვთ, რომ გამოიძიონ ობიექტურად, ზურაბ დიასამიძის და დანარჩენების პასუხისგებაში მიცემასაც. ილია ვერძაძეს ზურაბ დიასამიძე ჰყავს სწორედ ასეთი საქმისთვის. ზურაბ დიასამიძის მოყვანილია ის ჯგუფი, რომელიც იყო ილია ვერძაძის შემდეგ. ცარიელი ხელებით გამოგვიშვეს, ქირაში გადაგვიყვანეს და იმის შემდეგ  არც პასუხისგებაში მიცემულა არავინ, არც ქირას იხდის, არც გვკითხულობენ”, – აცხადებს დაზარალებული. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ბრალდებებს უარყობს – ილია ვერძაძე “პირველებთან” ირწმუნება, რომ ხელშეკრულებით რაც იყო გათვალისწინებული, მისმა კომპანიამ ზედმიწვნით შეასრულა. მეტიც, ვერძაძე აპირებს რომ რეპუტაციული ზიანის გამო სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანოს.

ვწუხვარ ამ ოჯახის გამო და მართლა მინდა, რომ მალე მოგვარდეს მათი პრობლემა. თუმცა, ჩემი ოჯახი ამ საქმეში იყო ჩართული ეპიზოდურად. ჩვენ არც შეხვედრაზე დაგვიყოლიებია და არც ჩვენი სიტყვა იყო გადამწყვეტი. დოკუმენტები მე აქ  მაქვს. ჩვენი მონაწილეობის დროს ხელშეკრულებით რაც იყო გათვალისწინებული, ის შევასრულეთ და შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ გავასხვისეთ, ოჯახმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ დიდი ზიანის გამო, ბოდიშს ვიხდი, სამწუხაროა, მაგრამ უნდა შევიტანო სარჩელი სასამართლოში. 

ჩვენს დროს არც სახლის დემონტაჟი განხორციელებულა და არც სხვა ქმედება, გარდა პრობლემების მოგვარებისა, რაც ამ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული”, – ამბობს ილია ვერძაძე.  

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თანდათან იკვეთება ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დასრულდება

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი