აშშ-ში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა. სასამართლო პროცესი, რომელზეც მისი აშშ-ში ექსტრადირების საკითხი უნდა გაირკვეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმართება.
„დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება“, - აცხადებენ სუსში.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ძებნილმა პირმა მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ შემოაღწია საქართველოში, შემდეგ კი დააკავეს.
„ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა“, - აცხადებენ სუსში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.