აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით - მეთიუ მილერი სანქციებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩნოსნებისთვის [ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური], და "ალტ-ინფოს" ლიდერებისთვის [კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე] დაწესებულ სანქციებზე განცხადებით გახსნა 16 სექტემბრის ბრიფინგი.
მილერის თქმით, აშშ "ღრმად შეშფოთებულია" საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების გამო, რაც მისივე განცხადებით, არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.
"ე.წ. აგენტების კანონის მიღების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ძალადობრივად დაარბია ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს აშშ აწესებს სანქციებს ხელისუფლების ორ წარმომადგენელსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერზე, ასევე სავიზო აკრძალვებს 60-ზე მეტ პირზე, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, კორუფციისთვის, ან სხვა არადემოკრატიული ქმედებებისთვის", - თქვა მან ბრიიფნგზე და განმარტა, რომ სანქციები ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში ხორციელდება, "მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მცდარი განცხადებების გამო, რაც ეწინააღმდეგება საქართველთან ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ურთიერთობის სულისკვეთებას".
მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, "ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის" გაწვევითა და ევროინტეგრაციის რეფორმებსა და რეკომენდაციების შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით.
"ბოლო 32 წელია, აშშ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდაჭერია. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს უნარი, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც მის ხალხს სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარლამენტის პრესსპიკერმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური, ასევე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში", - წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომელშიც 50% ან მეტი წილი აქვთ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე დასანქცირებული პირი "გლობალურ მაგნიცკის სიაში" დაამატეს.
დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.