აშშ სავიზო სანქციებს უწესებს 60 ადამიანს საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სავიზო სანქციებს დაუწესებს საქართველოს 60 მოქალაქეს – მთავრობის, ბიზნესისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“.
სახდეპის ცნობით, სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც. კონკრეტულად ვისი დასანქცირება მოხდება, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ:
„სანქცირებულთა შორის არიან მთავრობის, ასევე მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხისთვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისთვის; ბიზნეს-ლიდერები, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციულ პრაქტიკებში; პირები, ვინც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პროპაგანდირებდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მომიტინგეების ცემაში; პარლამენტის წევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში“.
სახდეპი აღნიშნავს, რომ შეშფოთებული რჩება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევით და ანტი-დემოკრატიული ქმედებებით. უწყებაში ამბობენ, რომ განაგრძობენ დამატებითი ზომების განხილვას.
„აშშ უპირობოდ უჭერს ქართველი ხალხის უფლებას შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად აპროტესტონ ძალადობის, დაშინების და ჩახშობის შიშის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მ დღეს ფინანსური სანქციებიც დააწესა, მათ შორის „ხარებას“ წინააღმდეგ. იხილეთ:
· აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას”, მახარაძეს და მორგოშიას
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.