აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამი მიწისქვეშა იარაღის შესანახი საწყობი გაანადგურეს.
„იარაღის შესანახი ობიექტები აშშ-ს, კოალიციის ძალებსა და სავაჭრო გემებს საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნული მოქმედებები ჩვენი ძალების დასაცავად, ნავიგაციის თავისუფლებისა და საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
ასევე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ სამხედროებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.