ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
აღინიშნება, რომ 16 წლის წინ ამ დღეს, რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა.
„დღეს ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს ან დევნილებს.
რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას ახვევს თავს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ღონისძიებების გატარებით.
შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მტკიცედ რჩება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში უცვლელი რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.