აღიარებს თუ არა “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – დავით უსუფაშვილი არაღიარებული ტაივანიდან დაფინანსებულ საგრანტო პროექტებშია ჩართული

აღიარებს თუ არა პარტია “ლელო” ჩინეთის ერთიანობის პრინციპს – ეს ის კითხვაა, რომელზეც მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიისგან პასუხს რამდენიმე დღეა ითხოვს. მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეაა”, რომელსაც ხელმძღვანელობს და ტაივანის მთავრობასთან დაახლოებული დონორისგან ფინანსდება. “სამოქალაქო იდეის” პროექტებში ჩართულია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და თინა ხიდაშელის მეუღლე დავით უსუფაშვილიც.
მმართველი გუნდის კითხვებზე პასუხი დღეს “ლელოდან”, დავით უსუფაშვილის ნაცვლად, გრიგოლ გეგელიას მოუწია. პარტიის საგარეო მდივანი ერთი ჩინეთის პრინციპს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა ვერ ხსნის, რატომ აღმოჩნდა მისი თანაგუნდელი არაღიარებული ტაივანიდან დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში, სადაც ორგანიზაცია “ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვისა” და “დაბლ სინქ ლაბის” მიზნებში ღიად წერია, რომ ისინი ჩინეთის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ იბრძვიან.
თინა ხიდაშელის არასამთავრობოს პროექტებში მონაწილეობდა დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, თუმცა მან დღეს “კურიერთან” განმარტა, რომ “სამოქალაქო იდეის” პლატფორმაზე მის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ნიდერლანდების სამეფოდან დაფინანსდა და მას ტაივანთან შეხება არ ჰქონია.
ანტიჩინური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებას მიუღებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკოსები ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, ნაწილი კი ღიად ამბობს, რომ ტაივანთან რაიმე სახის კავშირს თავად არასდროს დაამყარებდა.
გაცილებით კრიტიკული იყო დღეს საპარლამენტო უმრავლესობა. მათ “ლელო” ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ღიად დაადანაშაულეს. თქვეს ისიც, რომ ტაივანთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა არაღიარების პოლიტიკას აზიანებს. კანონმდებლების აზრით, ხიდაშელი-უსუფაშვილი “ლელოს” მიერ არიან წახალისებული, მიზანი კი ჩინეთთან, როგორც მჭიდრო პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების შეფერხებაა.
“სამოქალაქო იდეა” რომ ტაივანში არსებული ორგანიზაციებისგან ფინანსდება, ამას არც თავად უარყოფს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ამ თემაზე ვრცელი განმარტება სოციალურ ქსელში უკვე გააკეთა, მას შემდეგ კი მედიასთან აღარ გამოჩენილა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი