ასანჟის აშშ-ში დაუყოვნებლივი ექსტრადაცია არ მოხდება – ბრიტანეთის სასამართლო
ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს აშშ-ში ექსტრადაციის შესახებ სააპელაციო პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. ლონდონის სასამართლომ აშშ-ს დამატებითი გარანტიების წარდგენა დაავალა.
გადაწყვეტილების მიხედვით, ასანჟი შეძლებს სააპელაციო პროცესის გაგრძელებას თუ აშშ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში არ წარადგენს "დამაკმაყოფილებელ გარანტიებს" კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ასანჟს შესაძლებლობა დაყრდნობოდა აშშ-ს კონსტიტუციის პირველ შესწორებას (სიტყვის თავისუფლების შესახებ) და შესაძლებელია თუ არა გახდეს ის სიკვდილით დასჯის პრეტენდენტი.
თუ აშშ ლონდონის სასამართლოს შესაბამის გარანტიებს ასანჟის სააპელაციო პროცესის ფარგლებში სასამართლოს მორიგი სხდომა 20 მაისს გაიმართება.
ავსტრალიელი აქტივისტი, ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2019 წლის მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აშშ-ში მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.
ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.