"არა რუსულ კანონს" - ივანიშვილის დაარსებული ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების მარში
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშში მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს რას ფიქრობენ ივანიშვილთან ასოცირებული უნივერსიტეტის სტუდენტები.
მათი თქმით, სტუდენტებმა შარშანაც გაავრცელეს განცხადება, თუმცა ახლა მიიჩნევენ, რომ პოზიციის ამ ფორმით დაფიქსირება მნიშვნელოვანია.
"არავისთან ასოცირება არ მიშლის ხელს იმასთან, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს საკუთარი პოზიცია. ახლა ის დროა, როცა ამ პოზიციის არდაფიქსირებაა ძალიან ცუდი. იმიტომ, ყველას ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოს როგორც დამოუკიდებელ და მომავალში წარმატებულ, ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს, უნდა გამოვიდეს და დადგეს სრულიად მშვიდობიანად, რომ ხელისუფლებას დავანახოთ ჩვენი ძალა"- ამბობს აქციის მონაწილე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს დააარსა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.