არასრულწლოვანზე ძალადობისა და 2 ადამიანის დაჭრის ბრალდებით მესტიაში 1 პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.
ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც  ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.
სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს” – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.