ანდრეი სიბიგა – უნგრეთმა „ოსჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი მძევლად აიყვანა და ფული მოიპარა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, და ფული მოიპარა.

„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ან მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ბანკის ორ მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, უკრაინამ უკვე გაგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

„სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვაზე. თუ ეს არის „ძალა“, რომელიც ბატონმა ორბანმა დღეს გამოაცხადა, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. უკვე გავაგზავნეთ ოფიციალური ნოტა, რომლითაც მოვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მკაფიოდ დააკვალიფიციროს უნგრეთის უკანონო ქმედებები, მძევლების აყვანა და ძარცვა,“ – აცხადებს სიბიგა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებს აიძულებენ, უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება განაახლონ. მისი მტკიცებით, უნგრეთი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა „უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას“. „არანაირი შეთანხმება და კომპრომისი არ იქნება. ჩვენ ძალის გამოყენებით გავარღვევთ უკრაინის ნავთობის ბლოკადას. გარწმუნებთ, რომ ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს“, – განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა