ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი

გვარამიამ მითხრა, „მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო“, მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას – მეთქი , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გარდა ამისა, წითლიძის თქმით, ნამდვილად ჰგონია, რომ გვარამია „გაიყიდა“, რადგან ნიკა გვარამია ყველას ეუბნებოდა, რომ ნიკა გილაური „ოქროს გასაღებია, ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას“.

„ჩვენ დავსვით კითხვები და პასუხების ნაცვლად მივიღეთ ისტერიკა. პასუხები გვარამიას მხრიდან არის მხოლოდ შეურაცხყოფები. [თქვა, რომ] ჩემი წონის არ არის წითლიძე და არ დავჯდები დებატებშიო, ახლა ვცდილობ, რომ მოვიმატო და მის წონამდე მივიდე. ვინც ეს პოლიტიკური წონა შეუქმნა, მიხეილ სააკაშვილმა, ციხეში შევიდა გვარამია, სააკაშვილის მზეს ფიცულობდა და ციხიდან რომ გამოვიდა, გახდა სააკაშვილის მაგინებელი და პირველი მტერი. ამიტომ კითხვები არსებობს. მელია ამ საკითხში შეიძლება ბევრად უფრო პირდაპირ გამოიყურებოდეს, ვიდრე გვარამია იმიტომ, რომ გვარამიამ იცის, ვერ აგინებს ღიად და გახსნილად და ამდენი ჭკუა ეყო, მაგრამ საქმით რაც გააკეთა, ეს არის ღალატის ყველაზე მძიმე ფორმა. მიშა რომ არ ყოფილიყო, ვინ იყო საერთოდ გვარამიას? მიშამ შექმნა თავიდან ბოლომდე. მე შემიძლია ბევრი დეტალის მოყოლა და მე შემიძლია პოლიტიკურად ისე დავმარხო გვარამია, რომ ვეღარასდროს თავი ვერ წამოყოს.

ახლა დავიწყოთ გილაურთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, ამ კაცს პრემიერად გვტენიდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ყველას ეუბნებოდა, რომ ეს კაცი ბიძინასთან შეთანხმებულია და ბიძინა მას უპრობლემოდ გადააბარებს ხელისუფლებას, ოქროს გასაღებია. ყველას ხვდებოდა არაფორმალურად და ეუბნებოდა, რომ გილაური იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღები პრემიერობის კანდიდატი, შესაბამისად, ყველა უნდა დათანხმებოდა მის პრემიერობის კანდიდატობას. ეს არის გვარამიას სიტყვები.

გვარამია გვამადლის, რომ აქ თურმე ვიღაცები მისი წონის არ ვყოფილვართ. უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილი რომ გამეძარცვა, გვარამიაზე უფრო მეტი წონა მექნებოდა. [გაძარცვაში ვგულისხმობ] ყველაფერს აბსოლუტურად, მის მორალურ რესურსსაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ რესურსსაც და ყველაფერს. 20 ათასი დოლარი „მთავარში“ მაგას ჰქონდა ხელფასი, თორემ ჩვენ ხშირ შემთხვევაში საწვავის ფული არ გვქონდა,ისე ვატარებდით საარჩევნო კამპანიას. „რუსთავი 2-ში“ კიდევ 85 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი. ასე რომ გამეძარცვა ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი გამიკეთა გამიკეთა ცხოვრებაში, შეიძლება გვარამიაზე მეტი წონა მქონოდა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.