ანა ნაცვლიშვილი – როცა ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება

როცა ხელისუფლება თავისი ბუნებითა და ორიენტირით რუსულ ორბიტაზეა, გაურკვეველი და გაუმჭვირვალე ურთიერთობები ისეთ აქტორთან, როგორიცაა ჩინეთი, ორმაგად სახიფათო ხდება, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ნაცვლიშვილის აზრით, პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაშია, სხვა მხრივ კი „გონიერმა, რაციონალურმა და პატრიოტმა ხელისუფლებამ ჩინეთთან ურთიერთობებიც შეიძლება ქვეყნის სასიკეთოდ და სასარგებლოდ გამოიყენოს”.
„მაშინ როცა საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღო და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება უნდა იყოს, პირველი საპარლამენტო ვიზიტი სრულდება არა ბრიუსელში ან ევროპის რომელიმე დედაქალაქში და დღის წესრიგი არის არა 9 მიმართულებით რეფორმის გატარება, არამედ პირველი ვიზიტი ხორციელდება ჩინეთში.
ჩინეთთან დაკავშირებით ხელისუფლება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არ საუბრობს. ისინი მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე საუბრობენ, რომელიც გაუგებარია რას შეიძლება გულისხმობდეს, მაშინ როდესაც საქართველო დეკლარირებულად არის დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო ჩინეთის სახელმწიფოს სხვა კურსი აქვს არჩეული.
ჩვენ მთავარ პრობლემას იმაში ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მყარად და მკაფიოდ არ დგას. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების რეალური განწყობა არ არის ის, რომ ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ