“ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ, წავალთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ”- ირაკლი რუხაძე “ლიბერთის” გაყიდვაზე(bm.ge)

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და “ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ დღეს ბანკის გასხვისების შეთანხმებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი. დღეს საღამოს გამართულ მიღებაზე განაცხადა, რომ მხარეები გარიგების შესახებ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ და მიღწეული შედეგი მთლიანად საქართველოს საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგანაც გამსხვილებულ ბანკს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, ვიდრე ცალცალკე “ლიბერთის” ან “ბაზისბანკს”, რაც ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთან, რუხაძემ განაცხადა რომ მისმა გუნდა ბოლო რვა წლის განმავლობაში ბანკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მისი აქტივების ზომა 1.7 მილიარდი ლარიდან 6.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ირაკლი რუხაძე აღნიშნავს, რომ ამ გარიგებით მიღებულ თანხას “მიწაში არ ჩაფლავს” და რომ მის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს.”წელიწადნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, ბატონ დავით ცაავასთან ერთად და მივიყვანეთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი “ბაზისბანკისთვის” და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია ყველანაირად კონკურენციის გაზრდისთვის. აგრეთვე მეტი რაღაცეების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალცალკე შეეძლო. დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის გუნდი მაღალი სინერგიით აითვისებს ამ ყველაფერს, რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს და ამაში წარმატებას ვუსურვებ. ბაზისბანკი არ არის ჩემთვის უცხო ბანკი, 90-იანებში მე ვიყავი თქვენი პირველი კლინეტი. “ლიბერთის” გაყიდვაზე სინანული მაქვს, რადგან დიდი სამუშაო გასწია “ლიბერთის” გუნდმა, რომ იქამდე მიგვეყვანა, სადაც ახლა არის. როდესაც ბანკი ვიყიდეთ მისი აქტივები იყო 1.7 მილიარდი ლარი, დღეს კი 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკი იყო მხოლოდ ერთი პროდუქტის – მიკროკრედიტების გარშემო შექმნილი და ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების და ეს იყო ძალიან ძვირი – 70-100% იყო ამ კრედიტების განაკვეთი და ჩვენ შევძელით განაკვეთის შემცირება, ხოლო საპენსიო სესხები ბანკის კრედიტების მხოლოდ 10%-ია. 5700 ადამიანი მუშაობს ჩვენ ბანკში და ჰყავს 1.8 მილიონი მომხმარებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ეს დიდი მიღწევაა. ჩვენ საერთოდ გავდივართ, არ ვიტოვებთ საერთოდ წილს. ჩვენ ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია, რომელიც მუდმივად უნდა აკეთებდეს ამას, უნდა ვიყიდოთ აქტივი, რაღაც მუდმივად გვქონდეს და შემდეგ გამოვყოთ ბაზარზე. ჩვენ რომც ვერ მოგველაპარაკა ბაზისბანკთან, გავაგრძელებდით მოლაპარაკებებს იმ ბანკთან რომელიც იმ ფასს გადაგვიხდიდა რომელიც საინტერესო იქნებოდა. ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ და რაიმე სხვას ვიყიდით. ახალი პროექტები გვაქვს საქართველოში, რომლებიც ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ,”- განაცხადა ირაკლი რუხაძემ. შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.