მედია: ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ “ლიბერთი ბანკი” სანქცირების რისკის გამო არ გაუყიდია

„ლიბერთი ბანკის“ უკვე ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ირწმუნება, რომ „ლიბერთი ბანკი“ სანქცირების რისკის გამო არ გაუყიდია. ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში ინვესტირებას გააგრძელებს. “ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ და რაიმე სხვას ვიყიდით“, – აცხადებს ირაკლი რუხაძე, რომელმაც „ლიბერთი ბანკი“ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდა.

– სანქციების რისკი არის ან თავში ან ბოლოში ან, შუაში, რატომაც ტელეკომპანია „იმედის“ შემდეგ „ლიბერთი ბანკიც“ გაყიდეთ?

– თუ რომელიმე ჩვენს აქტივს [სანქციებთან] რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა, ეს მხოლოდ ტელეკომპანია „იმედია“ და იცით, მერე რა მოხდა. ბანკი საერთოდ არ იყო გარეული. რატომღაც ყველას ძალიან უნდა, რომ პირადად მე აღმოვჩნდე სანქცირებული, თუმცა ჩემი დასანქცირების შემთხვევაშიც კი, ბანკს საფრთხე არ დაემუქრებოდა. სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ პირადი სანქციები ბანკზე ვერ აისახებოდა. ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე წელიწად-ნახევარია [მოლაპარაკებები მიმდინარეობდა], ნიშნავს, რომ არსად გვეჩქარებოდა…

– ანუ სანქციების შიშით არ გაყიდულა „ლიბერთი ბანკი“?

– არა, და მეტიც, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ინვესტიციებს საქართველოში. ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და როგორც ვთქვი, ამ ფულს სადმე არ წავიღებ და არც სეიფში დავმალავ; ავიღებ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო ინვესტიციებს ამ ქვეყანაში…

– თქვენ თქვით, რომ „ლიბერთი ბანკის“ გასხვისება სანქციებთან არაფერ შუაშია, განსხვავებით ტელეკომპანია „იმედისა“… ანუ „იმედის“ შემთხვევაში ნამდვილად დაინახეთ სანქციების აჩრდილი და ამიტომ გაყიდეთ ტელევიზია სიმბოლურ ფასად?

– რატომაც გავედი [გავყიდე იმედი], დავწერე [იმ განცხადებაში]. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ „იმედს“ დაასანქცირებდნენ. ნუ რაც მესმოდა, ვიღაცებს ველაპარაკებოდი და კონსულტანტი მყავდა აყვანილი, არ ველოდი, რომ ამას ვინმე გაბედავდა – ყველაზე დიდ ტელევიზიას, რომლისგანაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იღებს ინფორმაციას, გარედან დაასანქცირებდნენ… მეგონა ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს.

– ანუ რადგან დაინახეთ „იმედის“ სანქცირების რისკი, ამიტომ გაყიდეთ?

– რისკი იმდენად არ იყო… რატომ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა „იმედი“ და ჩვენ გვაყიდინა?! სულ არ მინდოდა „იმედის“ ყიდვა, როდესაც ჩვენ ვიშლებოდით, უბრალოდ, მოთხოვნა იყო, ისე დავშლილიყავით, „იმედი“ ჩვენ დაგვრჩენოდა და არა – მათ, იმიტომ რომ „იმედი“ არის პრობლემატური აქტივი; როცა მართლა ნახევარი საქართველო შენგან იღებს ინფორმაციას, გინდა – არ გინდა, ძალიან პრობლემატური აქტივია და თავიდან მეც და ჩემ ბევრ პარტნიორს ეს აქტივი აღელვებდა და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა სხვის ხელში ყოფილიყო, ვიდრე – ჩვენ ხელში.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ