ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამნისტიის პროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება - რატი ბრეგაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა. ინიციატივა ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ცვლილებაზე მსჯელობისას ითქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უნებართვო სახლები სოფელში ან ქალაქში, აღარ იქნებიან ვალდებული, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
ოფიციალური ინფორმაციითვე ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონპროექტი 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გავრცელდება.
"ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად და ასევე უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ის გავრცელდება 2024 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა- ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
ასევე ასეთ საცხოვრებელში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და მათ აღარ ექნებათ დაჯარიმების ან და დემონტაჟის რისკი. ისინი სრულად ისარგებლებენ საკუთრების უფლებით, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეალიზების კიდევ ერთი ნათელი დასტური იქნება, ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლების რეალიზებაში", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.