ალუდა ღუდუშაური – როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და არის მოწინავე – ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად!

როგორ უნდა იყო იმდენად უთავმოყვარეო, მოლდოვის სასამართლოზე თქვა, რომ ის საქართველოს სასამართლო სისტემას უსწრებს და არის მოწინავე – ეს არის უსირცხვილობა უნამუსობასთან ერთად! – ამ განცხადებით ეხმაურება „ქართული ოცნების” დეპუტატი “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს”, რომლის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, – მეორე, ხოლო საქართველო მესამე ადგილზეა.
ღუდუშაურის განცხადებით, არაერთი პარამეტრით საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში არა თუ ჩამორჩენილი, არამედ მოწინავე ქვეყანაა.
ღუდუშაურმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი” შედგენილია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით.
„მათი მიზანია ბურუსისა და გაურკვევლობის შექმნა და დასავლეთის თვალში საქართველოზე ისეთი წარმოდგენის ჩამოყალიბება, რომ ქვეყანაში არის რეგრესი.
არ გვგონია შევძლოთ და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის სიყვარული ვასწავლოთ, თუმცა დასანანია ის ფაქტი, რომ ყველა, გარდა ამ დესტრუქციული ჯგუფისა, კარგად ხედავს, საქართველოს სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას. ამ ადამიანებს საკუთარმა ქვეყანამ ვერ დაანახა ის, რისთვისაც საკუთარი ქვეყანა უნდა გიყვარდეს.
როდესაც ხელი ასეთ სიცრუესა და აბსურდზე გაქვს მოწერილი, რა ჰგონია ამ ადამიანებს, რომ ვინმემ წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მარტივად შევადაროთ, თუ როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და როგორია – მოლდოვაში?” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე – 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე – 0.63 ქულით.