– დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და დავირაზმოთ სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ნუ გვეშინია ამის თქმის, ამოვღერღოთ – მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა

მე მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ან ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში ან არჩევნებში არ უნდა შევიდეთ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, რადგან ახლა ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მზად ვარ, ნებისმიერის გვერდით დავდგე დიდი ერთობისთვის. შერიგების ხელს ვუწვდი ეკა ბესელიასაც. მე ამ ნაბიჯს ვდგამ, ჭკუას არავის ვარიგებ, უბრალოდ ამ ბრძოლაში ერთობის გარეშე სათითაოდ დაგვლეწავენ, დაგვნაყავენ, ასეც ხდება. გუგავასაც, შალვა ნათელაშვილსაც, ბოკერიასაც, ყველას ვუწვდი შერიგების ხელს, ვინც პოლიტიკურად აქტიურია. მზად ვარ, რომ რაღაცები გვერდზე გადავდოთ, მე ვდგამ ამ ნაბიჯს თითოეული მათგანისკენ. ვისთანაც დანაშაულზე და კორუფციაზე მქონდა დავა, როდესაც დამოუკიდებელ სასამართლოს შევქმნით ოდესმე, იქ გავარჩიოთ ჩვენი დავები, მაგრამ ეს წყენები, ეს ჯავრი, ეს დაპირისპირება გადავდოთ გვერდზე იმიტომ, რომ სააკაშვილიც კარგავს ქვეყანას, მეც ვკარგავ ქვეყანას, ბესელიაც კარგავს ქვეყანას, ყველა ნორმალური ქართველი ამ ქვეყანას ვკარგავთ. დიქტატურას ამყარებენ, „ფეისბუქის“ პოსტის გამო ხალხს იჭერენ, ქალებს იჭერენ და ციხეში ყრიან და ახლა არ არის რაღაცების გარჩევის დრო, ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მე მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ან ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში ან არჩევნებში არ უნდა შევიდეთ. თუმცა ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ჩემი პარტნიორები, ჩემი პოლიტიკური მეგობრები, მამუკა და ბადრი დააკავეს, მე გუშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, აქამდე ვფიქრობდი, რომ მაინც ბრძოლაში შესვლა ღირს და უბრძოლველად როგორ უნდა დავუთმოთ, მერე ვფიქრობდი, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა სიბრიყვეა, თან ხალხი ციხეშია, ამ ყველაფერს ვფიქრობდი, მაგრამ ბადრის და მამუკას დაკავება ჩემთვის იყო გადამწყვეტი ამბავი… მესამე დღეა გადავწყვიტე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა უფრო სწორია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა დაირაზმოს რადგან ის „მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა“.
„დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და დავირაზმოთ სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ნუ გვეშინია ამის თქმის, ამოვღერღოთ. მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა. დიდი ხანია არ მქონია კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილთან. იმედია მალე ოპოზიცია შევიკრიბებით და რაღაც საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. არ მერიდება არაფრის თქმის იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან მძიმე განსაცდელში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა