ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, ელისაშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც რეხვიაშვილმა განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა საჯარო გამოსვლებისას არაერთხელ დაარღვია ალეკო ელისაშილის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოახდინა ზეწოლა სასამართლოსა და პროკურატურაზე და პოლიტიკური ოპონენტი ტერორისტად მოიხსენია, რამაც შელახა ალექსანდრე ელისაშვილის საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება.

რეხვიაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ, სასამართლომ დაადგინოს ის ფაქტი, რომ „პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია“.