აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით. აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების განცხადებაშია ნათქავამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე.
„ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში.
შესაბამისად, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას.
მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…