ადიგენში მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მართლმადიდებლები შეიკრიბნენ

მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.
დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციულ ლოცვას აღავლენენ. მართლმადიდებლები შენობასთან იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ, მათი თქმით, მუსლიმებმა არ შეასრულეს დაპირება, რომ სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.
ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.
მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. “ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით”, სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება