ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ ადიგენში გზა გადაკეტა - მიზეზი მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის მოსალოდნელი დაპირისპირებაა

ბოლო რამდენიმე საათია რამდენიმე ათეულ პოლიციელს ადიგენამდე მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ასე ცდილობენ მართლმადიდებელ და მუსლიმ თემს შორის მოსალოდნელ კონფლიქტს თავი აარიდონ.
ამ გზის გავლა მოუწევდათ იმ მუსლიმებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაბის მიმართულებით მას შემდეგ წავიდნენ, რაც გაიგეს, რომ მათივე თემის წევრების კერძო საკუთრებაში ლოცვის გამო ქრისტიანთა ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა.
მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს, 5 აპრილს, დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. ორსართულიანი შენობა მუსლიმი თემის ერთ-ერთ წევრის, მერაბ მიქელაძის საკუთრებაა. იმის მიუხედავად, რომ მუსლიმები კერო სივრცეში აღავლენენ ლოცვას, გარეთ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს „სახლი მეჩეთად არ შეიძლება იქცეს“.
დღეს პარასკევია და შესაბამისად, მუსლიმები ტრადიციულ ლოცვას აღავლენენ. მართლმადიდებლები შენობასთან იმ მიზეზით შეიკრიბნენ, რომ, მათი თქმით, მუსლიმებმა არ შეასრულეს დაპირება, რომ სახლს „მეჩეთად არ გადააქცევდნენ“.
ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.
მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად დაბა ადიგენში 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მაშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით", სახლთან მაშინაც მობილიზებული იყო პოლიცია.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.