ადვოკატ ხათუნა ხურცილავას განცხადებით, ძალიან დიდია მოლოდინი იმისა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. შესაბამისად, ადვოკატი ფიქრობს, რომ შეთანხმება შედგება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა. სააპელაციო სასამართლოში დღეს ბურჭულაძის ბრალდების საქმეზე პირველი სხდომა იმართება.
ხათუნა ხურცილავას შეფასებით, დაცვის მხარე თვლის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
“საპროცესო შეთანხმების მოლოდინი ძალიან დიდია და ვფიქრობ, მოხდება შეთანხმება. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის სურვილი გვაქვს, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. დიახ, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ გვიან მივმართეთ, მაგრამ დრო გვაქვს სააპელაციო სასამართლოში, რომ მოხდეს შეთანხმება პირობებზე, რომელსაც გავაცნობთ ბატონ ჯუანშერს და ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს საპროცესო შეთანხმება. ბატონი ჯუანშერის პოზიცია ჯერჯერობით არ მინდა გავაჟღერო”, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
მისი განაჩენით ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.




