თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ირკვევა, სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა.
როგორც თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის პოსტზე გაკეთებულ კომენტარს.
„ჩემთვის ასეა, სასამართლოში, რომ ვთქვი, თვითონ მოსამართლემ აღნიშნა, რომ ერთი წელია, ხალხს ვაჯარიმებთო, მაგრამ ჩემი შეხება პირველი იყო, არ მქონია ასეთ საქმესთან შეხება. სამმართველოს შექმნის შემდეგ, ალბათ, პირველია, „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს აქამდე მე მგონი, საქმე არ შემოუტანია. გადაწყვეტილება სისულელე იყო, ეს გადაწყვეტილება, როგორ უნდა შევაფასო. სამხარაძე გვერდით რომ გიზის, ერთ შენობაში რომ ხართ, როგორ შეიძლება კომენტარის გამო [ეს გადაწყვეტილება], თან გინებას არ მედავებოდნენ, სრული აბსურდია, ყველანაირი სტანდარტის – საერთაშორისო და ადგილობრივის იგნორირებაა. თუმცა, მურუსიძის სასამართლოსგან გასაკვირი არ ყოფილა, უფრო მეტიც, პატიმრობასაც ველოდი და არაფერს გამოვრიცხავდი, რა დავალებაც ექნებოდა სასამართლოს, იმას გააკეთებდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. იმედი რაღაც ეტაპზე მქონდა, სინდისის ხმა და შინაგანი რწმენა ხელს შეუშლის ამ გადაწყვეტილების მიღებაში-მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან სუსტი ხმა აქვს ამ სინდისს ზოგიერთი ადამიანისთვის და ყველასი არ ესმის. რა ვიცი, რომ დაიძინებს, შეიძლება მაშინ, ცოტა გაიგოს, ეს იმედიღა მრჩება, თუ არადა, დრო მოვა და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. დანაშაულის ნიშნებიც იყო, მაგალითად, მტკიცებულებებში არეული ჰქონდათ, ოქმში მითითებული თარიღი უფრო გვიანდელი იყო, სინამდვილეში, უფრო ადრე ჰქონდათ ჩემზე გადაწყვეტილება მიღებული, ძველი თარიღით შედგენილი დოკუმენტაცია გაეპარათ“, – განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, საქმე ეხება შოთა თუთბერიძის მიერ 2 ივნისს, კანადაში ვიზიტით მყოფი უმრავლესობის ლიდერის, ნინო წილოსანის პოსტზე გაკეთებულ კომენტარს.
თუთბერიძის წინააღმდეგ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.




