სიმღერის აკადემია: “გაგიჟებულხართ!”

სიმღერის აკადემია პირველი არხის პირდაპირ ეთერში სიმღერის დროს 10 წლის ანკას დავარდნის ფაქტ სოფიციალური განცხადებით ეხმაურება:“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩვენთვის, როგორც ბავშვებზე პასუხისმგებელი გუნდისთვის, თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და საფიქრალია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა.
თუმცა, გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხუსმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:
სატელევიზიო სპეციფიკა და ხედვა:
პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.
თანაგუნდელების მყისიერი რეაქცია:
მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგომი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.
ჩვენი ინიციატივით გადაგზავნილი ვიდეო:
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით – მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა.
საბედნიეროდ, გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ, ბავშვმა თავი კარგად იგრძნო, სრულფასოვნად გააგრძელა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოებიც.
მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას.განცხადება მეორე:დასანანია, რომ ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტების მიუხედავად, კვლავ გრძელდება სრულიად ანგარიშმიუცემელი აგრესია იმ ზრდასრული პირების მხრიდან, რომლებიც არ არიან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებში ჩახედულები და ამ ტოტალურ აგრესიაში გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად აიყოლიეს საზოგადოება – ეს აგრესია კი უკვე უმართავი და სულ უფრო საშიში ხდება ჩვენი ბავშვებისთვის.
– კეთილი, რადგან ასეა, ჩვენ გეკითხებით :
რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანს, ნუთუ შესაძლებელია გულწრფელად სჯეროდეს, რომ გუნდის მესვეურების, ან ტელევიზიის რომელიმე წევრის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ბავშვის უსუსურ მდგომარეობაში დატოვება? – როგორ ფიქრობთ, ,,ადამიანურობასა” და ,,მორალზე” აპელირება რომ გვერდით გავწიოთ, სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის მიზანმიმართული იგნორირება ჩვენი მხრიდან გონიერების ჩარჩოებში ჩაჯდებოდა?
ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ წაქცევის ფაქტის ადეკვატურ მომენტში დაფიქსირების შემთხვევაში რომელიმე პასუხისმგებელი პირი რეაგირებას არ მოახდენდა ამ შემთხვევაზე და ბავშვის ჯანმრთელობით გარისკავდა სიმღერის ,,ჩამთავრების” საპირწონედ?!
თუ ასე ფიქრობთ, თუ ამის მართლა გჯერათ –
გაგიჟებულხართ!
თუ ასე ფიქრობთ, გამოდის, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ ასეთ რამეზე ,,ხელის მოწერა”!
მტკივნეული გასააზრებელია, რომ დაზარალებული ბავშვის მხარდასაჭერად ჩვენი მისამართით
გამოვლენილ აფექტურ და აგრესიულ კომენტარებში/მესიჯებში – ბილწსიტყვაობასა და უშვერ ლანძღვა – გინებებში, იმდენად დაკარგეთ ადეკვატური განსჯის უნარი, რომ არ ერიდებით დაზარალებული ბავშვის თანაგუნდელებისთვის ტკივილის მიყენებას და ბავშვის მიმართ თანაგრძნობის მანტიით შემოსილები შეურაცხყოფთ სხვა ბავშვებს, უდანაშაულო მოზარდებს, რომლებსაც დიდხანს არ დაავიწყდებათ თუ როგორ გადაუარა სრულიად უცნობი ადამიანების აგრესიულმა ტალღამ მათ გრძნობებს და ემოციებს, მათ სუფთა გულს და გულწრფელ დარდს – როგორ შემზარავ დღეებად უქციეთ ტრავმა,რომელიც თანაგუნდელის შეუძლოდ გახდომის გამო პირდაპირ ეთერში განიცადეს.
თუკი გსურთ ემპათიისა და თანაგრძნობისაკენ მოწოდების უფლება გაგაჩნდეთ და საჯაროდ იწონებდეთ თავს იმით, თუ რამდენად მაღალ ადამიანურ მორალს ემსახურებით – თავდაპირველად შეეცადეთ, რომ თქვენი მორალური პრინციპები ყველა ბავშვზე გაავრცელოთ განურჩევლად.
ვიდრე ერთი შეხედვით დანახული ფაქტით გამოწვეულ აგრესიას და აღშფოთებას ანგარიშმიუცემლად გადმოაფრქვევთ სხვათა შვილების მისამართით – შეჩერდით, დაფიქრდით, დააყოვნეთ – იქნებ ცდებით?
იქნებ სხვა ბავშვების ტკივილის საწყისი ხდებით?
იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენი თვალები აღიქვამენ?
იქნებ არსებობს გარემოებების სხვა მოცემულობაც, რომელიც დარჩა თქვენი თვალთახედვის მიღმა?
,,სიმღერის აკადემია” ამაყობს და მომავალშიც იამაყებს მისი თითოეული აღსაზრდელით –
წავშალეთ უამარავი შეურაცხმყოფელი კომენტარი და ზოგიერთ პოსტზე კომენტარებიც გავთიშეთ, რადგან არ გვინდა ბავშვებმა ყველაფერი წაიკითხონ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ავუდივართ – შეუძლებელია თქვენი ამხელა ნეგატივის გაქრობა და განულება – შეუძლებელია თქვენი აგრესიისაგან ბავშვების დაცვა.
ასე გააგრძელეთ, და იამაყეთ!
ჩვენ კი, იმ სიმართლით და სიყვარულით, რომელშიც ეჭვი არასოდეს შეგვეპარება,შევეცდებით ჩვენს ბავშვებს მალე დავავიწყოთ ის დაუმსახურებელი ტკივილი, რაც თქვენი ამორალური კომენტარებით განაცდევინეთ მორალისა და ემპათიის ნიღბებით შემოსილებმა“ — წერია „სიმღერის აკადემიის“ კიდევ ერთ განცხადებაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მუსიკალური ნომრის შესრულებისას ბავშვთა გუნდის ერთ-ერთი წევრი, 10 წლის გოგონა, მოულოდნელად დაეცა. გოგონას ბებია ამბობს, რომ გუნდმა სიმღერა გააგრძელა, უწყვეტად გაგრძელდა ეთერიც.”პირველი არხის ეთერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია დაზარალებული ბავშვის ბებიამ ნინო კუხალეიშვილმა გაავრცელა:“ვინც მიცნობთ, ყველამ იცით, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. შეიძლება ყველაფერი მოვითმინო და ავიტანო, მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში ჩემი თმენის ზღვარი ნულის ტოლია.
გუშინ ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. როგორც უფროსებმა მოგვიანებით აღნიშნეს, დაცემის ხმა გაიგეს. გვერდით მდგომი გოგონა ანკასკენ იხრება, მაგრამ, თითქოს ანიშნეს, რომ გაეგრძელებინათ, და სიმღერაც გაგრძელდა.
სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.
სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.
ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს.
ახლა კი იმის თქმა მინდა, რაც ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახვა.
როგორმე უნდა შევუშვათ თავში, პირველ რიგში უფროსებმა, რომ ადამიანი უპირველესია. მასზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. და ახალ თაობას, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, ეს ხშირად ჩვენზე უკეთ აქვს გათავისებული, ნუ დავაძალებთ საპირისპიროს, ნუ ვასწავლით, რომ ადამიანის წინ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დადგეს.
სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი.
მერწმუნეთ, წარმატებულად შესრულებულ ნომერზე უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. სიმღერა შეიძლება თავიდან შესრულდეს, ეთერი შეიძლება შეწყდეს და შემდეგ გაგრძელდეს, მაგრამ თანადგომის, თანაგრძნობისა და ადამიანზე ზრუნვის გაკვეთილი ის ფასეულობაა, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.
ის ვიდეო, რომელიც სიმღერის აკადემიამ ატვირთა, ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც რომ დაენახათ ემპათია, თანაგრძნობა და ერთმანეთის შემჩნევის უნარი, რომ ადამიანი არის უპირველესი ფასეულობა.
მაგრამ ეს არ მოხდა. და სწორედ ეს არის ძალიან მტკივნეული.
პროფესიონალიზმი, ადამიანობის გარეშე ნულია.
P.s. ძალიან გთხოვთ, ბავშვებში ნუ ეძებთ პრობლემას. ბავშვები ემორჩილებიან უფროსების მითითებებს, ერთერთია – სახეზე ღიმილით უნდა იმღერონ. ყველა ბავშვს ჩემგან სიყვარული არანაკლებ დასტრესილები არიან, მერწმუნეთ!ბევრი თქვენგანი მეკითხებით ანკას მდგომარეობას და პირად შეტყობინებებსაც მწერთ. აქვე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, ჩემო ძვირფასებო!
ვხედავ, როგორ შეგაწუხათ ბავშვის მდგომარეობამ და იმ გულგრილობამ, რომელიც ამ ყველაფერს ახლდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი მხოლოდ ანკასთვის არ ყოფილა მძიმე. დარწმუნებული ვარ, იმ ბავშვებზეც არანაკლებ იმოქმედა, ვინც ამ ყველაფრის მოწმე გახდა. ეს იყო უფროსების არასწორი რეაგირების შედეგი და ძალიან მძიმე გაკვეთილი ყველასთვის.
ღმერთის წყალობით, ანკა ნორმალურად არის. დაცემისას თითები იტკინა, უკვე დაუფიქსირეს და ყველა აუცილებელი კვლევა ხვალისთვის აქვს ჩანიშნული, რათა სრულად გამოირიცხოს ნებისმიერი გართულება.
მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებელიც. უნდა ვიცოდეთ, რა გარემოში გვყავს ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რა შეიძლება მოხდეს მოულოდნელად და როგორი რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ადამიანების გარკვეულ ნაწილს ასეთ დროს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება და პასუხისმგებლობა გვმართებს ბავშვებთან მიმართებაში.
მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც უგზავნით ჩემს ანკას.”მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პირველმა არხმაც გაავრცელა:“საქართველოს პირველი არხი ეხმიანება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა.საქართველოს პირველი არხისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი – ბავშვი. მაუწყებელს საბავშვო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი პროექტების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტებითა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკით.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც, სხვა მშობლებთან ერთად, ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.”