ადვოკატი – სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში ვართ

მსჯავრდებულ ს ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში არიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, გრიგორიადისს ის დღეს, 17:00 საათზე გლდანის ციხეში შეხვდება, თუ მანამდე მისი გათავისუფლება არ მოხდება.
„სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე გადაგზავნა და პენიტენციურმა დასტური მისცა, რომ ნამდვილად მიიღეს. ახლა გვრჩება ის, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს შეწყალების აქტს და ლაზარემ დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.