ადვოკატი – პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი – მუხლი აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ

ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, 6 სამართალდამცავის დაკავება საკმარისი არ არის, ამასთან, ის მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს.

„ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ, რადგან სამ სხვადასხვა ეპიზოდზე სცემდნენ და აწამებდნენ პაპუნას. მას ფიზიკური დაზიანებები – ნეკნი ჩამტვრეული, ასევე სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები აქვს. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს პაპუნას მიმართ გამოძიება, რადგან ის არის დაზარალებული და წამების მსხვერპლია. რაც შეეხება დაკავებულებს, იქ 10-მდე პირი ძალადობდა, 6 ადამიანი არაა საკმარისი, რომ დასაჯონ, რადგან ერთის მხრივ, მუხლი არასწორია, მეორეს მხრივ, ყველა პირი დასჯილი არაა“, – აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს