ადვოკატი მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ამ წუთებში ადვოკატები სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართავენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ. საქმე ეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისას დავალებას ასრულებდა“.
„ეს ადამიანი საუბრობდა, რომ თურმე [ამაღლობელი] იღებდა დავალებებს, ჰქონდა ინსტრუქციები. უტყუარია, რომ ეს საქმისთვის უმნიშვნელოვანესი გარემოებაა. ჩვენ ამ ეტაპზე, არ ვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმედ წარმოდგენას სასამართლოზე, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი, ვინაიდან ინფორმაციას ფლობს, დაგვთანხმდება და გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებს,“ – აღნიშნა ადვოკატმა.
აღნიშნული გააპროტესტა პროკურორმა.
“ეს საქმის პოლიტიზირება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლაა. შეუძლებელია დაიკითხოს პირი, რომელიც არ ყოფილა ადგილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული განცხადება გააკეთა საჯარო სივრცეში. ეს არის პოლიტიკური შეფასებები, სასამართლო კი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ გარემოებას აფასებს. მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს”, – მიმართა სასამართლოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხებიან. ისინი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე