ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

WizzAir-ის თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა, რეისი ბარსელონისკენ 19 საათზე შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმება დასრულდა და ქუთაისი—ბარსელონის რეისი, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, 19:00 საათზე გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმაც, სადაც ნათქვამია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა:
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება. ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შესრულდება.
რეისის 148-ვე მგზავრმა შემოწმება გაიარა და მათ აეროპორტში სათანადო მომსახურება გაეწიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად, თვითმფრინავის ბორტზე, რეისის ნომრით W66417, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება.
აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,“ — აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
დღეს, 14 თებერვალს, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონის რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო, ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაებრუნებინა.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.