WB ქვეყნების მმართველობის 6 ინდიკატორს ასახელებს - რა შედეგები აქვს საქართველოს მთავრობას
მსოფლიო ბანკი (WB) მსოფლიოს ქვეყნებში მმართველობის 6 ინდიკატორს ასახელებს, რომელიც მის ეფექტურობას განაპირობებს და 2012-2022 წლის შედეგებს აქვეყნებს. ამ მხრივ, საქართველოს, 2022 წელს, ყველაზე ცუდი შედეგი - 22.7%-ი, „პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობა/ტერორიზმის“ ინდიკატორში აქვს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 81.6% „რეგულაციების ხარისხში“.
მსოფლიო ბანკი მსოფლიოს ქვეყნების მმართველობას შემდეგი ინდიკატორების მიხედვით აფასებს:
· ხმა და ანგარიშვალდებულება, რაც მთავრობის არჩევაში მოქალაქეების როლს, გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს და გაერთიანების თავისუფლებასა და თავისუფალი მედიას აფასებს;
· მეორე ინდიკატორი პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობისა და ტერორიზმის არარსებობაა;
· მესამე - მთავრობის ეფექტურობა;
· მეოთხე - რეგულაციების ხარისხი ასახავს ხელისუფლების შესაძლებლობებს ჩამოაყალიბოს და განახორციელოს ჯანსაღი პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას;
· მეხუთე - კანონის უზენაესობა, რაც მმართველობის პრინციპს გულისხმობს, რომელშიც ყველა - საჯარო და კერძო,პირი, ინსტიტუტი და ერთეული, მათ შორის თავად სახელმწიფო, პასუხისმგებელია კანონების წინაშე;
· მეექვსე - კორუფციის კონტროლი.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთავრობას მმართველობის თვალსაზრისით, 2022 წელს საუკეთესო მაჩვენებელი - 81.6% რეგულირების ხარისხს აქვს. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 72%-დან 81%-მდე გაიზარდა.
შემდეგ მოდის - მთავრობის ეფექტურობა 72.64% და კორუფციის კონტროლი - 72.17%;
მმართველობის სხვა ინდიკატორებში შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. ყველაზე ცუდი შედეგი - 22.7% პოლიტიკურ სტაბილურობასა და ძალადობასა და ტერორიზმში აქვს საქართველოს. 2012 წლიდან ეს ინდიკატორი 24-დან 31%-მდე გაიზარდა, მაგრამ 2022-ში ისევ შემცირდა.
კანონის უზენაესობაში - 56.6%;
ხმა და ანგარიშვალდებულებაში - 48.31%.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.