„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელს გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაამატოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური სივრცე არაკონსტიტუციური და დესტრუქციული ძალებისგან უნდა გაიწმინდოს და სასამართლოს სთხოვენ, საქმე დადგენილ 9-თვიან ვადაში განიხილოს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები გადაწყვეტილებას ავტორიტარიზმის განმტკიცებად და ერთადერთი მოქმედი საპარლამენტო ოპოზიციის განადგურების მცდელობად აფასებენ, თუმცა საპარლამენტო ბოიკოტსა და ბრძოლის შეწყვეტას გამორიცხავენ.