The Athletic: მამარდაშვილის არაერთგვაროვანი სეზონი და დიდი გაურკვევლობა “ლივერპულში”

The Athletic-მა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ ასპარეზობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და აღნიშნა, რომ ზაფხულში ტრანსფერებში დახარჯულმა სარეკორდო 450 მილიონმა ფუნტმა შედეგი ვერ გამოიღო, გაყიდვებიდან კლუბმა დაახლოებით 224 მილიონი მიიღო, ლიდერებს ჩავარდნა დაეწყოთ, ბევრმა ახალწვეულმა მიუხედავად მათში გადახდილი საკმაო თანხისა, იმედები ვერ გაამართლა და გუნდში დიდი გაურკვევლობაა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „წითლებს“ ფეხბურთელების დასამატებლად გაყიდვებიდან საჭირო აქტივები არ ექნებათ, თუმცა 60 მილიონი უკვე გამოყვეს „რენის“ 20 წლის ცენტრალური მცველის ჟერემი ჟაკეს (სიმაღლე 190 სმ) შესაძენად, რომელიც გუნდს წინასასეზონო შეკრებაზე ივლისში შეუერთდება.
The Athletic-ი შესაძლო ცვლილებებზე და მათ შორის მეკარის პოზიციაზე წერს: “დიდი ხნის მანძილზე ეს “ლივერპულის” ძლიერი პოზიცია იყო, მაგრამ ახლა შეშფოთებას იწვევს. ალისონმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 13 მატჩი გამოტოვა. მისი დაბრუნება მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი. გასულ თვეში “ლივერპულმა” ერთწლიანი ოფცია გამოიყენა, რათა 33 წლის ბრაზილიელი „ენფილდზე“ 2027 წლის ზაფხულამდე შეენარჩუნებინა. ეს ნიშნავს, რომ ის, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი, ბოლო სეზონით  პირველ ნომრად დარჩება – თუ სხვა კლუბების წინადადებებმა არ მოხიბლა. ადრე მან საუდის არაბეთის გუნდების შეთავაზებებზე უარი განაცხადა.
„ლივერპული“ იმედოვნებდა, რომ „ვალენსიასგან“ 29 მილიონად შეძენილი გიორგი მამარდაშვილის სახით ალისონის იდეალური, ხანგრძლივვადიანი მემკვიდრე დაიმატა. თუმცა, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის პირველი სეზონი არაერთგვაროვანი გამოვიდა. მისი ზოგიეთი მოგერიება შთამბეჭდავია, მაგრამ ფეხით თამაშისას ნერვიულობს, ხანდახან არაზუსტი გადაცემებით კი გუნდს წნეხში აქცევს. 25 წლის ასაკში მეკარის კვალობაზე ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. მომავალ სეზონში თამასას აწევა მართებს.
რაც შეეხება სათადარიგო მეკარეს, უნდა გადაწყვიტონ, დაიტოვონ თუ არა ფრედ ვუდმანი. ვიატეზსლავ იაროში „აიაქსში“ იჯარის პერიოდში მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია. დიდ იმედებს ამყარებენ ახალგაზრდა უნგრელ არმინ პეჩზე“.