ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ულტრამემარჯვენეები ევროკავშირის არჩევნებში წარმატებას აღწევენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.
Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" (CDU/CSU) და ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - „იტალიის ძმები“ – ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
პოლონეთში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული „სამოქალაქო კოალიცია“ იმარჯვებს, რომელიც „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე „ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ „მუშათა პარტიას“ უსწრებს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, „ლეიბორისტებ“/“მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.