Reuters – ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.
შეთანხმება, რომელიც კვირას უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ექვსკვირიან თავდაპირველ ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების თანდათან გაყვანით. ასევე „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით უკან დაიხია და მოთხოვნები წარადგინა.
„ისრაელის კაბინეტი არ შეიკრიბება მანამ, სანამ შუამავლები არ შეატყობინებენ ისრაელს, რომ „ჰამასმა“ შეთანხმების ყველა ელემენტი მიიღო“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია