Reuters - იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წელიწადში 40 მილიარდ ევროს გამოყოფას სთავაზობს
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს სთხოვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად ყოველწლიურად, მინიმუმ, 40 მილიარდი ევრო გამოყონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის წინადადებას დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ, სადაც უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზებზე უნდა იმსჯელონ.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე მანამ, სანამ საჭიროა“, - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნატო უკრაინისთვის, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 100 მილიარდი ევროს, ანუ ყოველწლიურად 20 მილიარდ ევროს, გამოყოფას გეგმავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.