Reuters – აშშ ბელარუსთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ ბელარუსთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ფარგლებში ბელარუსის მიერ, სულ მცირე, 100 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.
წყაროების განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ ბელარუსმა 100 პოლიტიკური პატიმარი ერთდროულად გაათავისუფლოს.
გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაათავისუფლებს ბელარუსი პოლიტიკურ პატიმრებს. ასევე, უცნობია, თუ რა შესთავაზა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, სექტემბერში ალექსანდრე ლუკაშენკომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან მოლაპარაკებების შემდეგ 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ვაშინგტონმა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიასთვის“ დაწესებული სანქციები ნაწილობრივ მოხსნა.
ამასთან, გასულ კვირას ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა. ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქეების შეწყალება „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმებების“ შედეგი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება